შპს ”ბარამბოსთან” დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
"2013 წლის 8 იანვარს,შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე,შპს ,,ნიუ ენერჯი"-ს,შპს ,,ბარამბო"-ს, ლუხუმ კაპანაძის (შპს "ნიუ ენერჯი"-ში წილი 70%),და მისი ძმის უჩა კაპანაძის (შპს ,,ბარამბო"-ში წილი 22,5%)ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით, სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადების მოტივაციას წარმოადგენს შემდეგი გარემოება: შპს ,,ნიუ ენერჯი"-ს 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა სოლიდური საგადასახადო დავალიანება -20878650.57 ლარის ოდენობით. ამასთან საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული ინფორმაციით შპს "ნიუ ენერჯი"-დან სხვადასხვა გზებით სხვადასხვა კომპანიებში შესულია გარკვეული თანხები.
ანალოგიური სამართლებრივი პროცედურები წარიმართა შპს "ნიუ ენერჯი"-სთან ურთიერთდამოკიდებული 18 იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ.
სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა სარჩელის აღძვრის თაობაზე, დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება სააღსრულებო ბიურომ აღასრულა, შესაბამისად, ყადაღა დაედო შპს "ბარამბო"-ს მხოლოდ უძრავ ქონებას. გამომდინარე იქედან, რომ შემოსავლების სამსახურის ორიენტირი საწარმოს საქმიანობის შეფერხება არ არის და არც შეიძლება იყოს, ყადაღა არ დაედო სარეალიზაციო საქონელს, მზა პროდუქციას, წარმოებისათვის აუცილებელ ნედლეულს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სხვამოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
განცხადების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება არ ანიჭებს შემოსავლების სამსახურს უფლებამოსილებას, განახორციელოს დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.