მჟვავანაძე, ჩოჩელს, სასამართლოში, ხუხაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ურჩევს

მჟვავანაძე, ჩოჩელს, სასამართლოში, ხუხაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ურჩევს

„უფლებადამცველთა გაერთიანების“’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილის მიერ, ქართველი ბიზნესმენების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე, როგორც უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც მან 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით აშკარა და დაუსაბუთებელი თავდასხმები ხორციელდება ცეზარ ჩოჩელსა და მის ბიზნესზე.

„თუ ცეზარ ჩოჩელს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისმა საგამოძიებო სამსახურებმა უნდა გამოიძიონ, ბიზნესზე მსგავსი შეტევები დაუშვებელია, რადგანაც ამით საქმიანი რეპუტაცია ელახება კომპანიებს, რაც მათ საქმიანობაზე პირდაპირ ასახვას ჰპოვებს, რითაც საწარმოებში დასაქმებულია ასობით ადამიანს სამსახურის დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრება. როცა საჯარო მოხელე ადამიანზე ამბობს, რომ მან საწარმო თაღლითური სქემებით ჩაიგდო ხელში, ამ დროს საზოგადოებას კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა წარუდგინო“, – განაცხადა მჟავანაძემ და დასძინა, რომ სწორედ ასე იწყებდა „ნაციონალური მოძრაობაც“ – ჯერ მეწარმეს ბრალს სდებდნენ კორუფციაში და ხელისუფლების წევრებთან დანაშაულებრივ გარიგებაში და ამით ქმნიდნენ უარყოფით საზოგადოებრივ აზრს, შემდეგ კი ხდებოდა მისი დაპატიმრება, ფულის და ბიზნესის გამოძალვა.

მჟავანაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ ახლავე მიაქციოს ყურადღებას მსგავს დამოკიდებულებას და ქმედებებს მეწარმეების მიმართ.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მოუწოდებს ცეზარ ჩოჩელს შეიტანოს სასამართლოში სარჩელი გია ხუხაშვილის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტზე, რათა ამით პასუხი მოეთხოვოს მის დაუსაბაუთებელ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს.

ასევე მოუწოდებს ბიზნეს ომბუდსმენს და სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს თითოეულ ასეთ ფაქტზე, რათა თავიდან ავიცილოთ ბიზნესის ტერორი.