საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეცდომისთვის ბოდიშს იხდის.
"მეგობრებო, მომიტევეთ, თუ რომის იმპერატორის ცხენზე საუბრისას უნებლიედ ნერონის სახელი წამომცდა კალიგულას ნაცვლად, მაგრამ სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ლაფსუსზე მეტად შინაარსია გადამწყვეტი და სრულიად არ მახარებს ამ მაგალითის ჩვენი ქვეყნის კონტექსტთან დაკავშირება. მაინც ღრმად მწამს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება", - წერს სააკაშვილი Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს "ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის დასახელებას გამოეხმაურა და ეს ფაქტი კალიგულას მიერ საკუთარი ცხენისთვის სენატორის ტიტულის მინიჭებას შეადარა, თუმცა მან კალიგულას ნაცვლად, ნერონი ახსენა.
"მე კონკრეტულად ამ კანდიდატურაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, თავის დროზე, როდესაც რომის იმპერატორმა ნერონმა გადაწყვიტა, რომ თავისი დომინირების დემონსტრაცია მოეხდინა რომის საზოგადოებაზე, თავისი ცხენი აირჩია სენატში. ყველამ თავის დასკვნა გამოიტანოს. ჩვენი საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი ძალა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობას. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, პრემიერ-მინისტრი ხშირად იცვლის აზრს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და მან კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით", - აღნიშნა სააკაშვილმა.