პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, სარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირის მთავარი თემა იქნება

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, სარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირის მთავარი თემა იქნება

პრეზიდენტის მიერ კიდევ ერთხელ გამოყენებული ვეტოს დაძლევის საკითხი, სავარაუდოდ, პარლამენტის მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება. მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად ვეტო

პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს - "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს დაადო.

"სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით შესაძლებელი ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის სამართლებრივი ფორმის შეცვლა და მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა. აღნიშნული პროექტით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა. პრეზიდენტი აღნიშნულ ინიციატივაში უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის შელახვის საფრთხეს ხედავს, რის გამოც მან ვეტოს უფლება გამოიყენა.

რაც შეეხება "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, საუბარია დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლო 30 დღიანი ვადით იზღუდება, თუკი ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სადავო კანონის მოქმედებას შეაჩერებს. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, თუ სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას შეაჩერებს, მაშინ მან საქმეზე მსჯელობა 30 დღის ვადაში უნდა დაასრულოს, ხოლო თუ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადაში ვერ ან არ მიიღო, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას მისი მიღებიდან 31-ე კალენდარულ დღეს დაკარგავს. მმართველი გუნდის მხრიდან აღნიშნული კანონპროექტის მიღება "საერთო სასამართლოების შესახებ" პაკეტზე მოსალოდნელ პროცესებს, კერძოდ კი, პაკეტის საკონსტიტიციო სასამართლოში გასაჩივრების და მიღებული ნორმების შეჩერების პერსპექტივას უკავშირდება. პრეზიდენტი კი თვლის, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში გახორციელებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს და ასევე ზიანს აყენებს სხვადასხვა ტიპის სუბიექტთა უფლებებსაც.

აღნიშნულ ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ მომზადებული ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, დღეს დანიშნულ სხდომაზე წარედგინება, წის შემდეგაც საკითხი განსახილველად ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე გავა.