ათამდე მოქალაქემ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია გააპროტესტა

ათამდე მოქალაქემ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია გააპროტესტა

ათამდე მოქალაქემ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია გააპროტესტა. აქცია 11.00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ რაც სასტუმრო "რედისონში" "იდენტობის" ბრიფინგი დასრულდა, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ თავად დღევანდელ ბრიფინგსაც, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი პროპაგანდას გარყვნილებას უწევენ. ასევე უპირისპირდებიან და აპროტესტებენ 17 მაისს რუსთაველზე დაგეგმილ აქციას. მათი თქმით, რეალურად ეს აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ ისინი აპირებენ გეიაღლუმის ჩატარებას რუსთაველზე, იქ სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი.

"ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში ქალაჩუნა ბიჭები და მამალი გოგონები", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათივე თქმით, ისინი რამდენიმე დღეში გამართავენ ბრიფინგს და 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით თავიანთ სამომავლო გეგმას საზოგადოებას გააცნობენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მშვიდობიანი ფორმით აპირებენ "იდენტობის" ღონისძიება გააპროტესტონ და არ აპირებენ ცემა-ტყეპას, რადგან ეს წისქვილზე დაასხამს წყალს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები - "დაიცავით ზნეობა", "დემოკრატია უზნეობას არ ნიშნავს", "დაიცავით თქვენი შვილების უფლებები".

სასტუმრო "რედისონთან" მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ათეულობით პოლიციელი "რედისონის" მიმდებარე პერიმეტრზე იყო განლაგებული, თუმცა აქციის განმავლობაში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.