ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

ე.წ. სამხედროების წამებისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაგრძელდება.

პროცესი მოწმეების დაკითხვის ეტაპით განახლდება.

წინა სასამართლოზე ბაჩო ახალაიამ და მისმა ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი დარახველიძე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ბაჩო ახალაიამ მოსამართლის აცილების სამი არგუმენტი დაასახელა. კერძოდ, მან თქვა, რომ მის ადვოკატს, რომეო საჯაიას, რომელიც საქმეში სტაჟიორის სტატუსით არის, თავდაპირველად ეძლეოდა შეკითხვების დასმის საშუალება, შემდეგ კი აუკრძალეს. მეორე არგუმენტი, რომელიც ბაჩო ახალაიამ დაასახელა, მისი ერთ-ერთი წინა პროცესიდან გაძევება იყო. ხოლო მესამე არგუმენტი, ბაჩო ახალაიას თქმით, ის არის, რომ სისტემატური ხასიათი მიიღო მოსამართლის მხრიდან ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებამ და დაცვის მხარის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმამ.

გიორგი დარახველიძის აცილების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

7 მაისის პროცესზე საქმის იმ ეპიზოდიდან, რომელიც სამხედროების წამებას გულისხმობს, ორი მოწმე დაიკითხა.

წინა პროცესზე საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში ორი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, გაგრძელდა ზვიად აბესაძის დაკითხვა, რომელიც დაზარალებულის სტატუსით არის ცნობილი, ასევე დაიკითხა მისი მეუღლე ცირა დოღანაძე.