"იდენტობის" პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "რედისონის" მიმდებარედ დაახლეობით 50-მდე პოლიციელია შეკრებილი.

როგორც ცნობილია, ორგანიზაცია "იდენტობა" დღეს "რედისონში" 17 ამისისთვის დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავს.
ორგანიზავიამ ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფად შს სამინისტროს მიმართა.

"იდენტობას" ხელმძღვანელის, ნინო ბოლქვაძის განცხადებით, ვინმე გიორგი გაბედავას დაანონსებული აქვს, რომ დღევანდელ პრესკონფერენციას და 17 მაისის აქციას დაარბევს.

"ჩვენ სასტუმრო "რედისონში" გვაქვს პრესკონფერენცია. ღონისძიება ეხება 17 მაისს დაგეგმილ მშვიდობიან შეკრებას. ამავდროულად, ვინმე გიორგი გაბედავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელი უნდა შეგვიშალოს 17 მაისს აქციის განხორციელებაში და ჩვენი პრესკონფერენციის საწინააღმდეგო აქცია უნდა ჩაატაროს სასტუმროსთან. მე მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი, რომ ორივე ეს აქცია იქნება ძალადობრივი და ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლებისა და აქციის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება ძალიან რეალური საფრთხე. ამიტომ, ვითხოვთ სახელმწიფოსგან შველას, დახმარებას და ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფას. სწორედ ამ განცხადებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს", - აღნიშნავს ბოლქვაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

რაც შეეხება გაბედავას, მისი თქმით, იგი ყოფილი პოლიტპატმარია. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს არ მისცემენ საშუალებას, 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ფლეშმობი და აქცია გამართონ.
როგორც გაბედევამა აღნიშნა, 17 მაისს, 13.00 საათზე რუსთაველზე იმართება აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ და მას არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" ატარებს. სწორედ ამ აქციასთან დაკავშირებით, როგორც გაბედავამ განაცხადა, ხვალ, 10.00 საათზე სასტუმრო "რედისონში" ტარდება პრესკონფერენცია, სადაც სწორედ 17 მაისის აქცია გაპიარდება; ასევე ხვალ ახალგაზრდები და უფლებადამცველები შეიკრიბებიან "რედისონთან" ზუსტად 10.00 საათზე და მათ აქციას გააპროტესტებენ.