თეა წულუკიანი - შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე მხარე კმაყოფილი და ბედნიერი იყოს

თეა წულუკიანი - შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე მხარე კმაყოფილი და ბედნიერი იყოს

შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე მხარე კმაყოფილი და ბედნიერი იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა .

მისი თქმით, თუ რომელიმე მხარე კმაყოფილია, ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი ცუდია. "ახალი შრომის კოდექსით, რა თქმა უნდა, იზღუდება დამსაქმებლის ინტერესი, რომელსაც დასაქმებული მიყენებული ჰყავს კედელთან და ერთი ნაბიჯით უკან დახევა მოუწევს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ვიწროვდება. შრომის კოდექსის ცვლილება, რომელიც შესულია პარლამენტში, არა მხოლოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაბალანსებული შრომითი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, არამედ იმიტომაც, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა ბიზნესწრეებსა და ექსპერტებთან კონსულტაციებს. შრომის კოდექსით არ შეიძლება რომელიმე მხარე კმაყოფილი და ბედნიერი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი ცუდია", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შრომის კოდექსი სოციალური ჭიდილის ნაყოფია და კომპრომისი. "კომპრომისის დროს კი მხარეები იაზრებენ, რომ ეს საჭიროა საერთო საქმისთვის. დამსაქმებელს აღარ უნდა შეეძლოს, უუფლებო მდგომარეობაში ამყოფოს დასაქმებული, უნდა აიკრძალოს დისკრიმინაციული მიდგომა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, შრომის კოდექსი ეამაყება, რადგან მის შესახებ ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ჰქონდა.

ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურიდან უფრო მარტივად უნდა შეიძლებოდეს დასაქმებულთა გათავისუფლება, ვიდრე კერძო სექტორიდან. "იუსტიციის სამინისტროდან რამდენიმე თანამშრომელი გავათავისუფლე არსებული შრომის კოდექსის და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის საფუძველზე. მოგვიანებით შევხვდი მათ, ავუხსენი მიზეზი, რის გამოც დავემშვიდობე, მივეცი ერთი თვის კომპენსაცია და დასრულდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს დამკვიდრებული კულტურა, არასასურველ პირებს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ. ახალ კოდექსში მკაფიოდ არის გაწერილი, რის საფუძველზეც შეგიძლია, ადამიანი გაათავისუფლო. ეს არ არის დამსაქმებლისა და დასაქმებულის სამუდამო იძულებითი ქორწინება. თუ ადამიანი არ ვარგა, მან უნდა დატოვოს სამსახური, თუმცა ამასაც აქვს თავისი წესები და ფორმები", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, ახალი შრომის კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან არ შეიძლება, არანორმირებული სამუშაო დღე არსებობდეს. "ეს კანონპროექტი, მცირედი ცვლილებებით იქნება მიღებული და შრომის კოდექსი მალე გვექნება მისალოცად კერძო სექტორში დასაქმებულთათვის", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.