დავით უსუფაშვილმა ვეტერანებს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამის გამო ბოდიში მოუხადა

დავით უსუფაშვილმა ვეტერანებს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამის გამო ბოდიში მოუხადა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამის გამო დღეს ბოდიში მოუხადა.
შესაბამისი განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში, სპეციალურად ომის ვეტერანებისთვის გამართულ მიღებაზე გააკეთა.

"მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ზოგიერთი პოლიტიკოსის გამონათქვამების გამო, რომლებიც დღევანდელი დღის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებენ და კითხვას სვამენ, ვისთვის იბრძოდით და ვის სამსახურში იყავით. ბოდიშს გიხდით, რომ გიწევთ ასეთი კითხვების მოსმენა. მივმართავ მათ, ვინც ამ თემაზე მსჯელობს, ცოტა ღრმად ჩაიხედოს ისტორიაში და მოვლენები კარგად გააანალიზოს. მაშინ საქართველო სხვა ვითარებაში იყო, სხვა ქვეყნის ნაწილი იყო და მისი დაცვა შეუძლებელი იყო, თუ არა საერთო საქმეში მონაწილეობის მიღება. ცალკე საქართველოს თქვენ ვერ დაიცავდით, ცალკე საქართველოს თქვენ ვერ ემსახურებოდით. იმ წლებში ცივილიზებული მსოფლიო გაერთიანებული იყო და ერთად ებრძოდა საერთო საფრთხეს. მეომრები, ჯარისკაცები არასდროს აგებენ პასუხს პოლიტიკოსების მოქმედებაზე, ვის რა ედო გულში და ვინ რას და როგორ აკეთებდა. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს, როცა იარაღით გიწევს ბრძოლა. ეს დღევანდელი დღე არის დღე, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს და ამ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ მათ სათანადოდ აფასებენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მისამართით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ვეტერანების ღვაწლზე და მათ დამსახურებაზე. "ფაშიზმზე გამარჯვების დღე თქვენ მოუპოვეთ არა მხოლოდ თქვენს სამშობლოს, არამედ მთელ კაცობრიობას. თქვენი შემართებით, სიმამაცით, თავდადებით შესაძლებელი გახდა ის, რომ სრული მსოფლიო გათავისუფლდა იმისგან, რასაც ფაშიზმი ერქვა. ჩვენ ყველანი, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა, საქართველოს მოქალაქეები ქედს ვიხრით თქვენი დამსახურების წინაშე. მინდა ვიშრომოთ ისე, რომ გქონდეთ განცდა იმისა, რომ ემსახურებოდით თქვენს სამშობლოს, რომელიც დღეს თავისუფალია, დამოუკიდებელია და სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს და მას ისევე სჭირდება დაცვა, როგორც თქვენ იმ შორეულ წლებში იცავდით. ძალიან ძნელია საქართველოში მოიძებნოს ადამიანი, რომლის ოჯახსაც ის მძიმე პერიოდი არ გაუვლია. ასეთია ჩემი ოჯახიც, ჩემი ორი პაპა ომში დაიღუპა, ერთიც ომში დაიკარგა და მის მეუღლეს, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა, სულ ჰქონდა იმედი, რომ საყვარელი მეუღლე გამოჩნდებოდა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა ასევე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. დღევანდელ მიღებაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები. პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში საპარალმენტო უმცირესობის მხრიდან მონაწილეობა არც ერთ დეპუტატს არ მიუღია.