ეკა ბესელია:   საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა არანაირ განხეთქილებას არ გამოიწვევს

ეკა ბესელია: საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა არანაირ განხეთქილებას არ გამოიწვევს

საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა კოალიციის მხრიდან მოხდება მშვიდ პირობებში და ის არანაირ განხეთქილებას არ გამოიწვევს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია ისეთი კანდიდატი შეირჩეს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის იქნება სასურველი. ამასთან, როგორც ბესელია აცხადებს, კანდიდატის დასახელება კოალიციის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობასთან შეხვედრების შემდეგ მოხდება.

"პრემიერ-მინისტრს აქვს ერთი კარგი თვისება, რომ ის გადაწყვეტილებას მარტო არ იღებს. ის იღებს გადაწყვეტილებას ფართო დისკუსიის შედეგად. კოალიციის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება კანდიდატი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, როდესაც ამბობდა, რომ ის ისურვებდა, საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იყოს, ის სალომე ზურაბიშვილს გულისხმობდა.

"ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად სალომე ზურაბიშვილთან არ მისაუბრია. კანდიდატების განხილვა ჯერ მთლიანობაში არ მომხდარა. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მისი განხილვა ზემოთ აღნიშნული შეხვედრების დროს მოხდება", - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება მის მოსაზრებებს, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ბესელია აცხადებს, პრეზიდენტი უნდა იყოს ბევრი თვისების მატარებელი ერთდროულად. მისივე თქმით, მას სჭირდება კომუნიკაციის კარგი უნარი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.