ვანო მერაბიშვილი ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

ვანო მერაბიშვილი ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ფერმერებისთვის 120-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის. 

ახალი ინიციატივის შესახებ მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ფერმერების მხრიდან ახალი ვაუჩერებით ნაყიდი ნივთები წარადგინა.
მისი თქმით, გლეხებმა 80 მილიონი ლარი დაკარგეს.

"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ის დანაკარგი 80 მილიონი, რომელიც დატაცებული და გლეხებისგან წართმეულია, საკომპენსაციოდ ისევ მათ დაურიგდეს. თუნდაც საშემოდგომოდ, თითოეულ ოჯახზე 120-ლარიანი ვაუჩერი, ან ბარათი დარიგდეს და ამ ბარათის ბანკში განაღდება იქნეს დაშვებული", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ 1000-ლარიან ვაუჩერებთან დაკავშირებით ბევრი შეცდომა დაუშვა და არ გაითვალისწინა არც ხალხის და არც ოპოზიციის რჩევები.

"ჩვენ ვთავაზობდით, რომ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ბარათების ბანკში განაღდების საშუალება ჰქონოდათ და ამით თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციებს, იმ გაუგებრობას, რომელიც ამას მოჰყვა. გლეხებს არ ჰქონდათ საშუალება თავად გადაეწვიტათ, რას შეიძენდნენ და სად. არ ჰქონდათ საშუალება გაენაღდებინათ ბანკში. ეს არის მთელი მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრალი", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას და მთავრობის წარმომადგენლებს მიიწვევს.

"იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს და ხალხის პრეტენზიებს გამოეხმაურება. მე ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას 80 მილიონის, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვაში და მოვითხოვ, ეს ფული დაუბრუნდეს ქართველ გლეხობას, რადგანაც მათ ზუსტად ამ ოდენობის თანხა დაკარგეს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ტრაქტორებთან დაკავშირებით ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას.

"შევარდნაძის ეპოქის უკვე დავიწყებული გმირები გამოჩნდნენ, ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ არ შეიძლებოდა შევარდნაძის კადრების უკან დაბრუნება, რადგან ისინი ფულის მოპარვას, დაშინებას, შანტაჟს არ მოეშვებოდნენ", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.