"ლაბორატორია 1918"-ს წევრები 400-ლარიან ჯარიმას არ ეთანხმებიან და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

"ლაბორატორია 1918"-ს წარმომადგენლები თბილისის საქალაო სასამართლოს მიერ დაკისრებულ 400-400 ლარიან ჯარიმას არ ეთანხმებიან და სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ს წევრების ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადად 10 დღეა განსაზღვრული.

ახალგაზრდების ადმინისტრაციული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გუშინ, გვიან საღამომდე გაგრძელდა. მოსამართლემ ხუთ სტუდენტს 400 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
1 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ "ლაბორატორია 1918"-ის მიერ, შრომის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით ისინი ხელწერილით გათავისუფლდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელის საფუძველზე ხუთი ახალგაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნეს.  პროცესზე ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ ახალგაზრდები სამართალდამრღვევებად არ ყოფილიყვნენ ცნობილი და მათ არანაირი ჯარიმა არ დაკისრებოდათ. 

"ლაბორატორია 1918"-ს წევრები მიიჩნევენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.