"თავისუფალი საქართველო" ამ ეტაპზე საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენებას არ გეგმავს

პარტია "თავისუფალი საქართველო" ამ ეტაპზე საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურის დაყენებას არ გეგმავს, - ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ გამარჯვების პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, "თავისუფალი საქართველო" დაელოდება თუ ვის წარადგენს საპრეზიდენტო კანდიდატად "ქართული ოცნება" და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

"ჩვენ გვინდა, საქართველოს პრეზიდენტი იყოს კარგი ქართველი ადამიანი, პატრიოტი, ცნობიერებით მართლმადიდებელი. თუ ასეთ ადამიანს დაასახელებს "ქართული ოცნება" , ჩვენ არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ მას მხარი დავუჭიროთ. თუ მაინც და მაინც "რესპუბლიკური პარტია" არის ჩვენი ბედისწერა, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ არა მარტო პარტიულ რეჟიმში, არამედ "ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან და სხვა პარტიებთან ერთად. ვიფიქრებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ დააყენოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, "სერიალის ბოლო სერია ნანახი არ აქვს" და "ქართული ოცნების" საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.