ბიძინა ივანიშვილი:   ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს. 

როგორც პრემიერმა ვაკის პარკში შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად განაგრძონ ცხოვრება.

პრემიერმა ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

"მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და განსაკუთრებით მივულოცო მათ, ვინც ყველაზე დიდი მოლოდინით ელოდება. გილოცავთ და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში, საქართველომ მასში უდიდესი მონაწილეობა მიიღო და უდიდესი დანაკლისიც განიცადა – ამ ომში ჩვენი 300 000-ზე მეტი თანამემამულე დაეცა. ჩვენმა თანამემულეებმა გამარჯვებამდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ძალიან ბევრი გმირი დაგვიბრუნდა, თუმცა უფრო მეტი უსახელო გმირი გვყავს. მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ისევე როგორც ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი ვაკის პარკში ირაკლი ალასანიასთან და დავით უსუფაშვილთან ერთად მივიდა.