კობა დავითაშვილი – დღესვე მზად ვარ, მინისტრის პასუხისმგებლობა ვიტვირთო

კობა დავითაშვილი – დღესვე მზად ვარ, მინისტრის პასუხისმგებლობა ვიტვირთო

მინისტრობა ჩემი თვითმიზანი არ არის, თუმცა, დღესვე მზად ვარ ეს პასუხისმგებლობა ვიტვირთო, - ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დეპუტატის ოპოზიციურ განწყობას და ნაკლებად საპასუხისმგებლო პოზიციის არჩევას ეხებოდა.

როგორც დავითაშვილმა "რადიო პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას აღნიშნა, ამგვარი კრიტიკა მისთვის მიუღებელია, რადგან პირიქით, პოლიტიკურ ცხოვრებაში იოლი გზების არჩევა არ უყვარს.

"მზად ვარ გარანტირებულ 4 წლიან საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი ვთქვა და მინისტრად დავინიშნო. ვფიქრობ, მინისტრობა სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსის საქმეა, რომელიც საზოგადოებასა და მთავრობას შორის კარგი შუამავალი რგოლი უნდა იყოს და პოლიტიკურად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. თუ არსებობს ჩემი გამოცდის ინტერესი, მე მზად ვარ. შემდგომ ჩემი საქმიანობა შეგიძლიათ შეაფასოთ და სხვებსაც შეუდაროთ", – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

დეპუტატმა ბოლო პერიოდში კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებთან ურთიერთობაზე, კრიტიკულ დამოკიდებულებასა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად შეფასება და არაგუნდურ მოთამაშედ დასახელება მიუღებლად მიაჩნია, რადგან გუნდთან თანამშრომლობის გარეშე არც ერთი ინიციატივა არ გაუჟღერებია, თუმცა, რიგ შემთხვევებში მათი მხრიდან თანმხვედრი დამოკიდებულება არ ყოფილა ან კომუნიკაცია დაგვიანებული იყო.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, როგორც კობა დავითაშვილი აცხადებს, ის ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია იცნობს და იცის, რომ მას კრიტიკის მიღება შეუძლია. "12 წელია, რაც პრემიერს ვიცნობ. ბევრი ცოდვა მაქვს ამ მხრივ და ამასაც ვიტყვი - ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი მე გავაცანი. შემდეგ მე წამოვედი ოპოზიციაში და მათი ურთიერთობა გაგრძელდა. ბოლო პერიოდში ჩემს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ გამართლებული არ იყო. ამისთვის მას მადლობას ვუხდი", – განაცხადა კობა დავითაშვილმა.