"აუთდორ ჯის" სავარაუდოდ, რუსული კომპანიის წარმომადგენელი ყიდულობს

იყიდება თუ არა სარეკლამო კომპანია “აუთდორ ჯი”? ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსი მილიარდერის დავით იაკობაშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიას პრობლემები აქვს და ბიზნესმენს მის გაყიდვას აიძულებენ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხდება ცნობილი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, იაკობაშვილის ყველა ბიზნესს საქართველოში პრობლემები აქვს, საქმეში კი პრემიერის მრჩევლის გია ხუხაშვილის გვარი ფიგურირებს. სავარაუდო მყიდველად რუსული კომპანია “ნიკოლო ემის” დირექტორთა საბჭოს წევრი გია ღამბაშიძე სახელდება.

კომპანიაში არ უარყოფენ, რომ ღამბაშიძეს ბოლო პერიოდში აქტიურად ხედავდნენ. თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს გაყიდვას, ამ ინფორმაციას “აუთდორ ჯიში” არ ფლობენ.

მათივე თქმით, ინფორმაცია კომპანიის გაყიდვის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ გაყიდვის მიზეზები კომპანიის თანამშრომლებისთვის უცნობია. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცვლილებას მათ საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ხუხაშვილი უარყოფს “აუთდორ.ჯის” გაყიდვაში მონაწილეობას. თუმცა ახმაურებს სხვა ფაქტს, რომლის მიხედვითაც, იაკობაშვილმა გადაზიდვების კომპანია სახელმწიფოს დაუთმო. პრემიერის მრჩევლის განცხადებით, "ეს ბიზნეს ჯგუფი იყო დავით კეზერაშვილის. მათ შორის "აუთდორ.ჯი". მისივე თქმით, ისინი აკონტროლებდნენ რკინიგზის გადაზიდვებს და სახელმწიფო რესურსი, დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ამ ბიზნესიდან ყოველწლიურად კერძო ჯიბეში და სავარაუდოდ "ნაციონალური მოძრაობის" სალაროში მიდიოდა.

ხუხაშვილის განცხადებით, იაკობაშვილი გაგებით მოეკიდა შექმნილ ვითარებას და წინააღმდეგობის გარეშე ეს რესურსი სახელმწიფოს დაუბრუნა. იმის შესახებ, რომ ხუხაშვილი რამდენიმე კომპანიის დაბრუნებაში დაეხმარა, პირველად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

 ინფორმაციისთვის: “აუთდორ ჯის” თბილისის მერიამ 2009 წელს დედაქალაქის მასშტაბით საქმიანობის პრაქტიკულად ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მისი ხელმძღვანელი კი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა – დიმიტრი ჩიქოვანი იყო.