რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე კალაძემ ზოგადი განცხადება გააკეთა, პრეზიდენტმა კი ამ ფრაზას

რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე კალაძემ ზოგადი განცხადება გააკეთა, პრეზიდენტმა კი ამ ფრაზას "ფრთები შეასხა"

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მიერ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანის მთავრობას ბუნებრივ აირზე საქართველოსთვის დაწესებული დაბალი ტარიფისათვის და აღნიშნა, რომ რუსეთიდან გაზის შესყიდვის თაობაზე კალაძემ ზოგადი განცხადება გააკეთა.

"მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის მთავრობას და პირადად ილჰამ ალიევს ამ ძალიან დაბალი ფასისათვის ბუნებრივ აირზე. მადლიერნი ვართ აზერბაიჯანის მთავრობის იმისათვის, რომ ასე იაფად ვყიდულობთ ჩვენ მათგან გაზს. კახი კალაძემ ინტერვიუს დროს, როდესაც დაუსვეს კითხვა, რომ ელექტროენერგიას ვყიდულობთ რუსეთისგან, მან ზოგადად თქვა, რომ რატომაც არა, სავაჭრო ურთიერთობები ჩვენ ყველასთან უნდა გავამყაროთ და გავაღრმავოთო. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ფასად არ შეგვიძლია ვიყიდოთ რუსეთისგან გაზი. ეს ნათქვამი იყო საერთო ფრაზებით. ჩვენ რუსეთთან უკეთესი უნდა გავხადოთ სავაჭრო ურთიერთობა და ეს ჰქონდა მას მხედველობაში და ჩვენმა პრეზიდენტმა ეს სხვა დონეზე ასწია, მან შეძლო "ფრთები შეესხა"" ამ ფრაზებისათვის, ეს ზოგადად იქნა ყველაფერი ნათქვამი. ეს ნორმალურია, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და გავაუმჯობესოთ, ეს ნორმალური მოვლენაა. სამწუხაროდ. გაზის ყიდვა უფრო იაფად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით აზერბაიჯანის მთავრობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.