ბიძინა ივანიშვილი:   აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

ბიძინა ივანიშვილი: აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომპანია "სოკარის"" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ აბულფაზ გარაევთან ერთად რუსთავში, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი და მისივე სახელობის სკვერი გახსნა. 

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხში ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

"სწორედ ჰეიდარ ალიევის დამსახურებაა ის, რომ აზერბაიჯანული ნავთობი გაედინება საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის გავლით და სწორედ ბატონი ჰეიდარ ალიევის დაჟინებული პოზიციით მოხდა და მოხერხდა ეს ყველაფერი, რაც განხორციელდა. იმ დროს იყო არჩევანი და იყო ალტერნატიული გზები. სწორედ ჰეიდარ ალიევის შორსმჭვრეტელმა ნაბიჯმა გადაწყვიტა ყველაფერი. მან აზერბაიჯანული წილიც კი დათმო ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, რამეთუ ძალიან ძვირ ფასს ადებდა აზერბაიჯანისა და ქართველი ხალხის მეგობრობას. სწორედ მისმა პოზიციამ გადაწყვიტა ის, რომ აზერბაიჯანული ნავთობი გაედინება საქართველოს ტერიტორიის გავლით. ჩვენ მისი ძეგლის გახსნით პატივი მივაგეთ არა მარტო ბატონი ალიევის სხსოვნას, არამედ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიული მეგობრობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. "სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ აზერბაიჯანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ერთად, მხარი-მხარ ავაყვავოთ ჩვენი ქვეყნები. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიული მეგობრობით ორ ერს შორის, დღევანდელობით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს,", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ძეგლისა და სკვერის გახსნის შემდეგ მცირე კონცერტიც გაიმართა. ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანელ სტუმრებთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად ახლად გახსნილი სკვერიც დაათვალიერა.

ღონისძიებას აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.