ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს

ეროვნული ბანკი - ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.25 პროცენტამდე შეამცირა. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული
პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის შემდეგ ინფლაციის შემდეგი ოთხი-ექვსი კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდა.

"არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მთლიანი ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება და მას მომავალი წლის ბოლოსთვის დაუახლოვდება", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში დაბალი იყო როგორც მთლიანი ინფლაცია, ასევე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. მთლიანმა ინფლაციამ აპრილში -1.7% შეადგინა.
ინფლაციის მაჩვენებლის კლება ძირითადად სურსათის ფასების შემცირებით იყო განპირობებული. მნიშვნელოვანი იყო ასევე საბაზო ეფექტი და ადმინისტრირებადი ფასების შემცირება.
ეკონომიკური აქტივობის შეფასების წინასწარი ინდიკატორები პირველ კვარტალში მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს, რისი შედეგიც არის მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია. მოთხოვნის შემცირება ფასების დონეზე კლების მიმართულებით მოქმედებს. შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს პირველ კვარტალში იმპორტის შემცირებაც.

"მოკრძალებული რჩება ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა, რაც სესხებზე შემცირებული მოთხოვნით არის განპირობებული. დაბალი სასესხო აქტივობა, ასევე, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის საპროცენტო განაკვეთის არხს. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროგნოზებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას და ამცირებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2013 წლის 19 ივნისს გაიმართება.