ინტერპოლის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთის სამართალდამცავებმა დააკავეს

ინტერპოლის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთის სამართალდამცავებმა დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, 1971 წელს დაბადებული გელა ქავთარაძე დააკავეს.

აღნიშნულ პიროვნებას ბრალად ედება ყაჩაღობა, ბინაში შეღწევით თავდასხმა, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

1994 წლის იანვარში ვახტანგ გვრიტიშვილმა თანამზრახველებთან ერთად, ფულის გამოძალვის მიზნით, ნეშან მინასიანის შვილი ვაზგენ მინასიანი გაიტაცა. ვაზგენ მინასიანი მოგვიანებით, მშობლების მიერ 75 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. იმავე წლის თებერვალში დამნაშავეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნეშან მინასიანმა შეიტყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობის შესახებ და კვალის დაფარვის მიზნით, ვახტანგ გვრიტიშვილი, გელა ქავთარაძე და სხვა ბოროტმოქმედები ყაჩაღურად თავს დაესხნენ მინასიანების ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნეშან მინასიანი, ფლორა მინასიანი და ვაზგენ მინასიანი, ხოლო ამ უკანასკნელის დამ, გაიანე მინასიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

2011 წლის 14 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გელა ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2011 წლის 4 ნოემბრიდან იგი წითელი ცირკულარით იძებნებოდა თბილისის ინტერპოლის მიერ.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები.