დავით უსუფაშვილი:   ირაკლი ალასანია იძულებულ-ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს ამ ვითარებას

დავით უსუფაშვილი: ირაკლი ალასანია იძულებულ-ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს ამ ვითარებას

ირაკლი ალასანია იძულებულ-ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს ამ ვითარებას, რომ ახალი პრეზიდენტი ვერ იქნება საპრეზიდენტო რესპუბლიკის მაგვარი პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მოწყობის მოდელთან დაკავშირებით შეხედულებები და თემები ძალიან მარტივად წყდება, თუ ადამიანებს საერთო საქმე აერთიანებთ. 

"რაც შეეხება საკონსტიტუციო მოდელს, ბევრს გახსოვთ, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც იყო პოპულარული და დამსახურებული საჯარო მოხელე, პოლიტიკაში გამოჩნდა დავით გამყრელიძესთან და ჩემთან ერთად, როდესაც ჩვენ შევქმენით "ალიანსი საქართველოსთვის". ასე რომ, ირაკლისთან მსგავს თემებზე საუბარი მომიწია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერეოდა. ამ საკითხში ჩვენ გვაქვს სრულიად ურთიერთგაგება. ვიცით, რომ გვაქვს განსახვავებული დამოკიდებულებები, მაგრამ ვიცით ისიც, რომ კონკრეტული რეალობიდან და კონკრეტული აუცილებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია კომპრომისებით სიარული. ამის მაგალითია ის, რომ ალასანია ალიანსის დროს ჩვენი მხრიდან გამოცხადებული იყო ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატად. ოქტომბრიდან ძალაში შედის, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისთვის გამზადებული საკონსტიტუციო მოდელი – ძლიერი პრემიერი და შედარებით სუსტი პრეზიდენტი, მაგრამ აქაც ცხოვრება სხვანაირად წავიდა და იმ სავარძლებში შეიძლება სხვა ადამიანები აღმოჩნდენ, ვიდრე წინა ხელისუფლებას ეგონა. შექმნილ სიტუაციაში, ირაკლი ალასანია იძულებულ-ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ამ ვითარებას, რომ ახლა ის პრეზიდენტი, რომელიც იქნება არჩეული, ვერ იქნება საპრეზიდენტო რესპუბლიკის მაგვარი პრეზიდენტი. ამიტომ, არ იქნება სწორი, რომ ის ამ პროცესს გაერიდოს. ეს შეხედულებები და ეს თემები ძალიან მარტივად წყდება თუ ადამიანებს აერთიანებთ საერთო საქმე და თუ დინამიკაში განვიხილავთ ყველაფერს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" ამოცანად რჩება კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მიღება.

"ამ მოდელის შემთხვევავში არის მრავალპარტიული სპექტრი ქვეყანაში, სადაც ერთ რომელიმე პარტიას უჭირს 50-%-ის მოგროვება. შესაბამისად, მონსტრები აღარ დაიბადებიან და ასე უსახელოდ აღარ დაიღუპებან", - აღნიშნა უსუფაშვილმა.