შალვა შავგულიძე:    პრეზიდენტის შეთავაზებული პროექტი სასამართლოზე

შალვა შავგულიძე: პრეზიდენტის შეთავაზებული პროექტი სასამართლოზე "ნაციონალების" გავლენის შენარჩუნებას ემსახურება

მმართველი გუნდის შეფასებით, სასამართლოებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტი სასამართლო კორპუსზე "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. 

აღნიშნული განცხადება პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის შენიშვნების განხილვისას, დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააკეთა, რომელმაც კოლეგებს მოუწოდა, პრეზიდენტის წინადადებებს მხარი არ დაუჭირონ.

"პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი სასამართლო ხელისუფლების ხარისხის გაზრდის მიზანს არ ემსახურება. ის ემსახურება სასამართლო ხელისუფლებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ზეგავლენის შენარჩუნებას. არავისთვის დასამალი არ არის და ყველამ ვიცით, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება დაკომპლექტებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ბოლო ცხრა წლის მანძილზე სასამართლომ ძალიან სერიოზული ფილტრი გაიარა და სამწუხაროდ, შედეგად მივიღეთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მორჩილი სასამართლო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი პირადი საადვოკატო პრაქტიკა და ასევე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები, რომელთა მიხედვით, საქართველოში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი ძალიან ცუდი იყო", - განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელმაც დღეს დეტალურად მიმოიხილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პრეზიდენტისეული ვარიანტი და ის პროექტიც, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო.

"პრეზიდენტის პროექტში ძირითადი აქცენტი გადატანილია მოსამართელთა კონფერენციაზე, რადგან მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა ჯერ კიდევ ეიმედებათ", - მიიჩნევს შალვა შავგულიძე.