"ეს ჩემთვის კარგიც არის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ ტონალობაში, ისტერიულად მიტევს"

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, "კარგიც არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ისტერიულად უტევს".

ამის შესახებ ხუხაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ეს ჩემთვის კარგიც არის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ ტონალობაში, ისტერიულად მიტევს. თუ მიაჩნიათ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, შემომიტიონ. ასე მე ჩემს თავს არ განვიხილავ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, "ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და მიწაზე ჭიანჭველას ვერ გაუვლია გია ხუხაშვილის გარეშე".

ამის შესახებ ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექპერტად იყო წოდებული, არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა. მისი რჩევების მოსმენა სავალდებულო გახდა. თუ არ მოუსმენ, ეს შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველიც გახდეს. დღეს ხუხაშვილი ბატონი პრემიერის ფავორიტია და ძალიან ბევრ ადგილზე ვიხილეთ ამის გამოვლინება. ბატონმა ხუხაშვილმა განაცხადა და აღიარა, რომ ბიზნესმენებმა მასთან აღსარებებზე სიარული დაიწყეს. ბატონი ხუხაშვილი ერთგვარი კომბლესავით ზის პიქსელის შენობაში და ხუხაშვილი ბიზნესებს თვლიდა და ჭერში აწყობდაო, უფრო სწორად, პიქსელის შენობაში. თუ ვინმეს ჩიჩია აღმოაჩნდებოდა კბილებში, შესაბამისადაც ექცეოდა. გავიდა ცოტა დრო და მან ისიც შემოგვთავაზა, რომ მის შესაძლებლობებში არის მოძველბიჭო-რომანტიული ელემენტები, გახსოვთ, ფრაზა, რომ რამდენიმე თბილისელი ბიჭი შეიკრიბებიან სადღაც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტენ. ამის შემდეგ ხუხაშვილი აღმოჩნდა რკინიგზაში, მრჩევლად. ბევრი ქვეყანა ვიცი, სადაც მეფე იღებს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტი, პრემიერი, მაგრამ ქვეყანა, რომელშიც რკინიგზის დეპარტამენტის მრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას, ასეთი არ მსმენია და შედეგიც სახეზეა, უკანასკნელი წლების განმავლობაში რკინიგზის დეპარტამენტში პირველად შემცირდა ტვირთბრუნვა. ერთი სიტყვით ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და მიწაზე ჭიანჭველას ვერ გაუვლია ხუხაშვილის გარეშე. ხუხაშვილი დღეს უკვე არის ჩვენი პრემიერის მრჩეველი და ეს ალბათ, სრული გაბრწყინება იქნება მისი. მე ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებით ზუსტად იგივე ბედი ელის ჩვენს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც რკინიგზაში მოხდა და საერთოდ, ხომ არ არის დრო, რომ მას შემდეგ, რაც ხუხაშვილი ტელეწამყვანი გახდა, სასკოლო პროგრამაშიც შევიტანოთ ხუხაშვილი, როგორც სწავლული. მე მართლა ერთადერთ რამეს ველოდები, ერთ მშევენიერ დილით ჩემი ბინის კარზე ზარი გაისმება, რომ გავიხედავ იქ დამხვდებიან საეჭვო გარეგნობის ადამიანები და გაღიმებული ადამიანები და მკითხავენ, "გინდათ, გესაუბროთ ჭერშმარიტ ხუხაშვილზე?". მე დიდი სიამოვნებით შემოვიპატიჟებ, რომ გავიგო და შემდეგ ყველას გავაგებინო ვინ არის ხუხაშვილი", - განაცხადა ხაჩიძემ.