"სამართალი ურმით დადის და თავის ადგილზე მივა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის როლანდ ახალაიას განცხადებით, "სამართალი ურმით დადის და თავის ადგილზე მივა".

ამის შესახებ ახალაიამ ჟურნალისტებს კინოს სახლში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა შეკრების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაიას სახელით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

როლანდ ახალაია თავს იკავებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხისგან და აცხადებს, რომ "ყველაფერი თავის დროზე ნათელი გახდება".

რაც შეეხება შეკრებას, მას ასევე ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, უფლებადამცველი თეა თუთბერიძე, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარი სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე და სხვა პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აჩვენეს ფილმი, რომელშიც ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზეა საუბარი.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი შეკრებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.