ეროვნული ბანკი სწრაფი გადახდის აპარატების საკითხს სწავლობს

ეროვნული ბანკი სწრაფი გადახდის აპარატების საკითხს სწავლობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის სერვისის გაძვირების გამო მობილურ ოპერატორებთან "კითხვის ნიშნები" არსებობს. 

"ამ თემაზე არის კითხვის ნიშნები ყველა მონაწილის, მათ შორის მობილური ოპერატორების მიმართ. თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე მობილურმა ოპერატორმა გადაწყვიტა თავის სადისტრიბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს იდენტური ხელშეკრულებები გაუგზავნეს ყველა მონაწილეს, რაც რეალურად მათი სერვისის გაძვირებას ნიშნავს", - განუცხადა გიორგი ქადაგიძემ დღეს ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი სწავლობს სწრაფი გადახდის აპარატების ფინანსურ მდგომარეობასაც, თუ რამდენად რეალურად არსებობს მათი გაკოტრების საფრთხე.

"ასევე, ვსწავლობთ რიგი კომერციული ბანკების უფასო შეთავაზებას - არის ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა, თუ დროებითი დემპინგური ფასის შეთავაზება, ფინანსურად უფრო სუსტი კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის მიმართულებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება დასკვნა ამ მიმართულებით და კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ რეაგირებას," – აღნიშნა ქადაგიძემ.