რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მაგიური რეცეპტი არ არსებობს, - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" "როუზ-როსის" სემინარზე კითხვა-პასუხისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. პრემიერი საფრანგეთის წარმომადგენლის კითხვას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში ხომ არ აქვს საქართველოს მთავრობას რაიმე მაგიური რეცეპტი.
ივანიშვილის განცხადებით, არსებობს ამის რეცეპტი, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს მაგიური.
"ჩვენი გადმოსახედიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ვერ იქნება მაგიური და სწრაფი", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე რაც მოხერხდა ეს არის სავაჭრო ურთიერთობებისა და კულტურული ურთიერთობების დაწყება. პრემიერი მიიჩნევს, რომ მისი გაღრმავება მნიშვნელოვანია.
პრემიერს რეალურად არ მიაჩნია, რომ მალე აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება. თუმცა, ბიძინა ავანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დროში აუცილებლად მოხერხდება. პრემიერი აცხადებს, რომ მთავარი რეცეპტი არის ქვეყანა საინტერესო გახდეს ეკონომიკურად.