საქართველოს თავდაცვის მომავალი დოქტრინა უფრო ეფექტური იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს არასოდეს გაუკეთებია იმის ანალიზი რა შეცდომები იქნა დაშვებული.
"ჩვენ არასოდეს გაგვიკეთებია იმის ანალიზი რა შეცდომა დავუშვით - რატომ ვიყავით წარმატებულნი და წარუმატებელნი. სწორედ ამიტომ მე დავავალე კვლევითი გაკვეთილების ჩატარება. ჩვენ, ჩვენს მომავალ სამხედროებს ეცოდინებათ, რა შეცდომა დაუშვეს და როგორ გამოასწორონ და აკონტროლონ პრობლემები მმართველობაში. ასე რომ, საქართველოს თავდაცვის მომავალი დოქტრინა უფრო ეფექტური იქნება. მე ვფიქრობ, რომ ის რაც თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან, თავდაცვის მომავალ დოქტრინასთან, ჩვენს ჯარისკაცებთან უნდა იყოს დაკავშირებული - რაც წარსულში დაშვებული შეცდომებით ვისწავლეთ", - აღნიშნა ტავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებობს საკმაოდ ლეგიტიმური დისკუსია, რომ საქართველოს ამ ომის თავიდან აცილება შეეძლო.
"მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ასე ფიქრობს, რომ შეგვეძლო ამის თავის არიდება არა ფინალურ სტადიაში, არამედ მანამდე 2005, 2006, 2007 წლებში. ჩვენ რომ მეტი ნდობა გამოგვეცხადებინა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის, ვფიქრობ ომი აღარ დაიწყებოდა; რუსები ვეღარ შეძლებდნენ ჩვენს ამ პროვოკაციაში ჩართვას.