წინა მთავრობა უფრო ახლოს იყო რუსებთან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი ალასანია რუსეთთან მიმართებაში "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკასა და იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ამ კუთხით 19 აპრილის აქციაზე გაკეთდა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ მიერ ოქტომბერში გაკეთებული არჩევანი არ არის იმასთან კავშირში, რაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ითქვა.
"საერთოდაც, წინა მთავრობა უფრო ახლოს იყო რუსებთან. სააკაშვილმა რუსებს ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი მიყიდა. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი შეგნებულად მუშაობდა რუსეთთან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე, თუმცა მისი 9-წლიანი ხელისუფლების ბოლოს, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და 10 ათასი სამხედრო დგას მაშინ, როცა რუსეთის ჯარების საქართველოდან გაყვანა დაწყებული იყო", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლება იმიტომ დამარცხდა არჩევნებში, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს საქართველომ ტერიტორიები დაკარგა.
"მათ რუსეთის წინააღმდეგ ომი წააგეს. რუსეთი თავს დაგვესხა. თუმცა, ჩვენ თავდაცვაზე 8 მილიარდი ლარი დახარჯეთ, მაგრამ ჩვენი არმია მზად არ იყო. ამიტომ ხალხს აინტერესებს, რა მოხდა. რატომ ვერ დავიცავით ჩვენი სამშობლო? სად წავიდა ეს 8 მილიარდი? ასე რომ, მათ უამრავ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი, ვიდრე იმ მთავრობის კრიტიკას დაიწყებენ, რომელიც ხელისუფლებაში სულ რაღაც 6 თვეა", - დასძინა მან.