საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" , "როუზ-როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
"ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 10 წლის წინ, 2003 წელს, საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს, ვერ გადაუხვევს ამ გზიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ეს არის დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი ერთობის მატარებელი ალიანსი და სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი კარგად გაცნობიერებული არჩევანი" , – განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს საქართველოს.
"დასავლეთთან ინტეგრაცია საერთო ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზაა. გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ადგას. საბედნიეროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით არც ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორისაა აზრთა სხვაობა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი მათ ოფიციალურად აქვთ დეკლარირებული", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვლმა.
პრემიერი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველომ ევროპულ არჩევანს ხორცი შეესხას და შენარჩუნდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა.
"ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ პროგრესს მივაღწიოთ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების საქმეში. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერას. სწორედ ამ მხარდაჭერის დადასტურებაა სტრასბურგ-კელის (2009), ლისაბონის (2010) და ჩიკაგოს (2012) სამიტები. ამ გადაწყვეტილებების ხორცშესხმა გახდა ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა", – განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება.
"უნდა აღვნიშნო, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობის ზონა. უფრო მეტიც, რეგიონი პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესის ერთ-ერთ ურთულეს უბნად ჩამოყალიბდა. თვითონ განსაჯეთ, ამ მცირე ტერიტორიაზე ერთდროულად ორი სახელმწიფოთაშორისი და სამი რეგიონალური კონფლიქტია. არც ერთ მათგანს, ჯერჯერობით, გადაწყვეტის გამოკვეთილი პერსპექტივა არა აქვს. დღემდე ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ კონფლიქტების მოწესრიგების მიზნით ინიცირებულმა მექანიზმებმა მოგვცა პრაქტიკული შედეგი" , – აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ თავისი ვიზიტით გამოხატა საქართველოსადმი უმძიმეს პერიოდში.
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სექტემბერში საბჭო პირველად ეწვია საქართველოს და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის" – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2008 წელი უმძიმესი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული.
"2008 წლის აგვისტოში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განმეორებით იქნა ჩადენილი სასტიკი დანაშაული – ეთნიკური წმენდა, რაც აფხაზეთში 90-იანი წლების კონფლიქტებისას განხორციელდა. ეს დადასტურებულია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტსა თუ განცხადებაში. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში გადაუდებელ ამოცანადაა დასახული აგრეთვე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ეს მოუშუშებელი იარაა", – განაცხადა ივანიშვილმა.