ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილს

ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილს "დემოკრატიული მოძრაობის" ეშინია

ნინო ბურჯანაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მისი პარტიის მიმართ პრეზიდენტის შიშით ხსნის. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ქვეყნის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯების გამო პასუხისგება აუცილებლად მოუწევს და "დემოკრატიული მოძრაობა" სწორედ ის ძალაა, რომელიც მის დაუსჯელობას არ დაუშვებს.

ბურჯანაძის თქმით, ამ გარემოებით და პრეზიდენტის შიშით აიხსნება მისი დღევანდელი განცხადება, რომელიც ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, არგუმენტით, რომ ვახტანგ ყოლბაია "დემოკრატიული მოძრაობის" სახით ანტისახელმწიფოებრივ, ოკუპანტ ძალასთან კავშირში მყოფი პოლიტიკური ძალის წევრი იყო, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ არაკვალიფიციური პოლიტიკოსია. კერძოდ, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის არსებობა, თუ ის რეალურად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს პრეზიდენტმა ქვეყანაში არ უნდა დაუშვას. ბურჯანაძის თქმით, ამ შემთხვევაში კი იკვეთება მეორე რეალობა, რომ პრეზიდენტი უბრალოდ ცრუობს.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გარდა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უშულოდ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ ყოლბაიაც გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ცინიკური განცხადება შეურაცხმყოფელი იყო არა ხმოლოდ მისთვის, არამედ ყველა დევნილისთვის, რომლებსაც პრეზიდენტმა სახლში დაბრუნების შანსები 2008 წელს კიდევ უფრო შეუმცირა.