უფასო სახელმძღვანელოებს ოთხი სტამბა დაბეჭდავს და ტენდერი არ ჩატარდება

უფასო სახელმძღვანელოებს ოთხი სტამბა დაბეჭდავს და ტენდერი არ ჩატარდება

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი უფასო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად შერჩეული ოთხი სტამბის კრიტერიუმს განმარტავს.

როგორც მარგველაშვილმა "ბიზნეს-კურიერთან" საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ყველა სტამბასთან და ყველა გამომცემელთან მიმდინარეობდა.

"არანაირი დამალული პროცესი ეს არ იყო. შეირჩა, რამდენადაც ვიცი, 4 თუ 5 სტამბა, რომელსაც ჯამურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს დიდი შეკვეთა, საქართველოს ბაზრისთვის პრინციპში უპრეცედენტო შეკვეთა განახორციელოს", – განაცხადა მარგველაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – "ჩატარდა თუ არა ტენდერი, მინისტრმა უპასუხა, რომ "ეს იყო ფასთა მოკვლევა”.

"ეს იყო ფასთა მოკვლევა, რომელსაც ჩვენ ვიკვლევდით დასაწყისიდანვე, 5 თვის წინ დავიწყეთ ფასთა მოკვლევა, რა ჯდება ეს პროდუქტი და აგრეთვე, მოკვლევა - სტამბების შესაძლებლობების. იმისთვის, რომ ადამიანთან აწარმოო მოლაპარაკება, შენ უნდა იცოდე, რა ღირს პროდუქტი. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა იმის შესახებ მხოლოდ, რა ფასში იყიდება პროდუქტი, მაგრამ რა ღირს პროდუქტი, მისი ცალკეული კომპონენტები, ამის თაობაზე 5 თვის განმავლობაში ვაყალიბებდით აზრს", - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ინიციატივის გამო, 4 სტამბა - შპს "ფავორიტი პრინტი", შპს "ფორმა", შპს "სეზანი”" და შპს "მვპ" გაერთიანდა და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გაერთიანებული ქართული სტამბა” დარეგისტრირდა.

თავის მხრივ, სხვა გამომცემლობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სამინისტროსგან არანაირი შემოთავაზება არ მიუღიათ.

"სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესში არსებულ გამომცემლობებს შორის საკუთარი სტამბა ხუთ გამომცემლობას აქვს. მათ შორის ჩვენც, თუმცა არცერთი ამ გამომცემლობების სტამბებს შემოთავაზება არ მიუღიათ და ეს საკითხი არც განხილულა", - განაცხადა გამომცემლობა "ინტელექტის"
ხელმძღვანელმა კახმეგ კუდავამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მათთვის სიურპრიზი ის ფაქტი, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად ოთხი სტამბა გააერთიანეს და მხოლოდ მათ მიეცათ ეს უფლება, კუდავამ განაცხადა, რომ ამის თაობაზე გამომცემლებს ჯერ კიდევ იანვრიდან ჰქონდათ კულუარული ინფორმაცია.

"თუმცა სიურპრიზი იყო იმდენად, რამდენადაც ტენდერი არ ჩატარებულა და ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს", - განაცხადა კუდავამ.

გარდა ამისა, კითხვაზე, შეძლებდა თუ არა "ინტელექტის" სტამბა განათლების სამინისტროს პირობის დაკმაყოფილებას, ანუ თითო სახელმძღვანელოს 1.8 ლარში დაბეჭდვას, მან აღნიშნა, რომ რიგი სახელმძღვანელოების შემთხვევაში, ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არის სახელმძღვანელოები, რომელთა დაბეჭდვა 5 ლარადაც შეუძლებელია.

"ჩემი საკუთარი აზრია, რომ ის სტამბები, რომლებიც სახელმძღვანელოებს დაბეჭდავენ, ჩვენზე უარეს დღეში არიან. ვფიქრობ, ისინი იძულებით შეკვეთას იღებენ და მე არ მაქვს იმის გარანტია, რომ განათლების სამინისტრო მათ ამ თანხას სრულად გადაუხდის", - განაცხადა კუდავამ.