დიტერ ბოდენი სოხუმში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

დიტერ ბოდენი სოხუმში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

"რობერტ ბოშის ფონდის" კონსულტანტი დიტერ ბოდენი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება.

საქართველოში გაერო-ს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

აფხაზური მედიის ცნობით, ბოდენმა ანქვაბს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს".

"თქვენ რთული სამუშაო გაქვთ", - მიმართა დიპლომატმა ანქვაბს.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, "შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობებს შეეხო. ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი მეზობელი ქვეყნის ახალი ხელისუფლებისგან საკვანძო საკითხებში პოზიციის ცვლილებას ელის".

"თავდაპირველად, საჭიროა მშვიდობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, თუმცა ჯერჯერობით ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბოდენმა ანქვაბს ინფორმაცია მიაწოდა, რომ "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის" მიწვევით სტუდენტებს შეხვდა. მან ასევე აღნიშნა, რომ "აფხაზეთში მისი მუშაობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა" და ქალაქების დათვალიერების სურვილი გამოთქვა.

"მსურს, აფხაზეთი უფრო კარგად გავიცნო", - აღნიშნა ბოდენმა.

თავის მხრივ, ალექსანდრე ანქვაბმა დიტერ ბოდენი დასასვენებლად აფხაზეთში მიიწვია.