რუსული დელეგაცია საქართველოს პრემიერის წინაშე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საკითხს დააყენებს

რუსული დელეგაცია საქართველოს პრემიერის წინაშე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საკითხს დააყენებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინაშე რუსეთთან მიმართებაში ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საკითხს დააყენებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განუცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ, ივანიშვილს დავუსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად აპირებს იგი შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, რადგან ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების ყველა განცხადება იმავე მიმართულებით ვითარდება, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა", - განაცხადა პუშკოვმა.

"ჩვენ გვსურს, გავიგოთ, როგორი იქნება ცვლილებები, რომელიც მოგვცემს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე სიტყვით 23 აპრილს გამოვა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხებს. გარდა ამისა, სესიის ფარგლებში იგეგმება სრული შემადგენლობით რუსული და ქართული დელეგაციების პირველი შეხვედრა 2008 წლის შემდეგ.