"მთავარი ტიპი "ნაცმოძრაობაში" მაინც მიშაა და მისი რეალური შემცვლელი არ ჩანს"

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავთ ზურაბიშვილის განცხადებით, 19 აპრილის აქციამ აჩვენა, რომ "ნაცმოძრაობას" უნდა, იგივე "საქონელი" გაყიდოს, ოღონდ - ახლებური შეფუთვით".

ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და ოპოზიციის გუშინდელი აქცია შეაფასა.

"ორიოდე სიტყვით მინდა, გამოვთქვა ჩემი შთაბეჭდილებები 19 აპრილის მიტინგის თაობაზე:

ა) "ნაცმოძრაობა" არ მომკვდარა და ჯერ კიდევ საკმაო ადამიანური რესურსი აქვს პარტაქტივის სახით;

ბ) "ნაცმოძრაობის" მმართველი ბირთვი რჩება იგივე და ლაპარაკი განახლებაზე არის მხოლოდ რიტორიკა. ახალაიების გარიყვა არსებითად არაფერს ცვლის. ახალაიები "ნაცმოძრაობის" ელიტად არც არასდროს მოიაზრებოდნენ - ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და მათ სააკაშვილი უფრო სხვა ელიტარების გავლენათა დასაბალანსებლად იყენებდა;

გ) ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზები კვლავინდებურად განიხილება მხოლოდდამხოლოდ ე.წ. პიარისა და პროპაგანდის კონტექსტში. ამის ნათელი ნიმუში, ჩემის აზრით, არის სწორედ განაცხადი ახალ ეროვნულ მოძრაობაზე, რაშიაც რეალურად ახალი არაფერი არაა და რაც ყოველთვის იყო "ნაცმოძრაობის" განაცხადი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ახალი ერთობა არის (უნდა იყოს) მთავარი პროევროპულ-პროდასავლური ძალა საქართველოში, ხოლო ნაცელიტა, ანუ ძველი მმართველი ბირთვი, არის (უნდა იყოს) მთელი ქვეყნის პროევროპელ-პროდასავლელთა გამაერთიანებელი, შემკვრელი და მოძღვარ-დამრიგებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ უნდათ იგივე "საქონელი" გაყიდონ, ოღონდ ახლებური შეფუთვით;

დ) მთავარი ტიპი "ნაცმოძრაობაში" არის მაინც მიშა და მისი რეალური შემცვლელი არ ჩანს;

დასკვნა: არაფერი ამათ არ ეშველებათ", - წერს ზურაბიშვილი.