დავით დარჩიაშვილი:   არსებული ხელისუფლება ქვეყნის დასავლურ კურსს მხოლოდ დეკლარაციებში აღიარებს

დავით დარჩიაშვილი: არსებული ხელისუფლება ქვეყნის დასავლურ კურსს მხოლოდ დეკლარაციებში აღიარებს

19 აპრილი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანოს "ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ განვითარებაში. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა დღეს პრესკლუბ "პოლიტიკოში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილმა გუშინ გამართული აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტია ნათელ, მკაფიო იდეოლოგიურ საფუძველზე უნდა არსებობდეს, ეს როგორც პარტიის პოლიტიკური ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია.

"19 აპრილი იყო მნიშვნელოვანი მოვლენა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანოს შემდგომ განვითარებაში. როდესაც ხელისუფლებაში ხარ შეიძლება საზოგადოებასაც და მის წევრსაც დაავიწყდეს, რომ პოლიტიკური პარტია პირველ რიგში ნათელი, მკაფიო იდეოლოგიის საფუძველზე უნდა ფუნქციონირებდეს. ეს განსაკუთრებით ჩანს ოპოზიციაში ყოფნის დროს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია და როგორც მისი პოლიტიკური არსებობისთვის, ისე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტია იგი იყოს დაფუძნებული ნათელ იდეოლოგიურ გზავნილებზე", _ აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ალტერნატივა არ აქვს.

დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ქვეყნის დასავლურ კურსს მხოლოდ დეკლარაციებში აღიარებს.