კოტე გაბაშვილის შეფასებით, ბაჩო და დათა ახალაიები და მარიკა ვერულაშვილი ახალი ხელისუფლების მსხვერპლია

კოტე გაბაშვილის შეფასებით, ბაჩო და დათა ახალაიები და მარიკა ვერულაშვილი ახალი ხელისუფლების მსხვერპლია

ბაჩო და დათა ახალაიები "ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურები არასდროს ყოფილან, - ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ყოფილმა ელჩმა იტალიაში კოტე გაბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დათა ახალაიას წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იყო დაწერილი და ის 19 აპრილის აქციის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. 

"ძმები ახალაიებიდან, ერთი დაჭერილია, მეორე კი ხელისუფლების ზეწოლას განიცდის და საზღვარგარეთიდან აკეთებს განცხადებებს", - აცხადებს კოტე გაბაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ეშინოდა 19 აპრილის და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციას.

რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილის განცხადებას, გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ისიც ახალი ხელისუფლების მსხვერპლია და მათ დაკვეთებს ასრულებს.

"განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ იმიტომ იყო მიმართული, რომ სწორედ ის არის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და აქტიური სახე. სხვა ვისზე შეიძლებოდა ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა? დავით დარჩიაშვილზე ალბათ არ ღირს მაგის დაწერა", - აღნიშნა კოტე გაბაშვილმა.