რაულ ქირიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

რაულ ქირიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველ რაულ ქირიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქირიას ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა, ახლა უკვე პროცედურულად მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება უნდა მოხდეს.

მისივე განმარტებით, აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობა სასამართლოში პროკურატურამ უნდა დააყენოს, შუამდგომლობის განსახილველად კი სასამართლოს 72 საათიანი ვადა აქვს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი საგამოძიებო სამსახურმა ორი დღის წინ დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რაულ ქირიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასაქმების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.