ეკა ბესელია:    სააკაშვილი ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად დარჩა

ეკა ბესელია: სააკაშვილი ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად დარჩა

უმრავლესობის ლიდერი, ეკა ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე პრეზიდენტის მისვლას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო გამხდარიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად დარჩა.

"ეს ხომ პარტიული თავყრილობაა და სააკაშვილი დარჩა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ლიდერად. იგი ასეთი იყო მთელი 9 წლის განმავლობაში და დარჩა ასეთად. მან ვერ შეძლო ამ 9 წლის განმავლობაში გამხდარიყო მთელი ქვეყნის პრეზიდენტი, ის დარჩა ერთი პოლიტიკური გუნდის ლიდერად, ამიტომ ის წარსულის ძალაა, წარსულის პოლიტიკოსია და ეს ხალხი საერთოდ წარსულში დარჩა", - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ეჩქარება სახელისუფლებო ბერკეტების ხელში ჩაგდება, თუმცა ეს უკვე მათზე აღარ არის დამოკიდებული. "მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი არის ხალხის განწყობა და ხალხის მოლოდინი. მათ ჰქონდათ შანსი, 9 წლის განმავლობაში ქვეყანა დაეყენებინათ მართლა უკეთესი პერსპექტივების გზებზე და ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, ეკეთებინათ მართლა კარგი საქმე", - განაცხადა ბესელიამ.