გიგა ბოკერია დათა ახალაიას განცხადებას ბოდვას უწოდებს

გიგა ბოკერია დათა ახალაიას განცხადებას ბოდვას უწოდებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დათა ახალაიას განცხადებას ბოდვას უწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოკერიამ განუცხადა, ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ ზოგიერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისგან, არის აბსურდი და ბოდვა. ბოკერიას თქმით, აბსურდულ ბოდვაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. 

"ჩვენს გუნდში სხვადასხვა ეტაპზე ყოფილან ადამიანები, ვინც შემდგომ ბოდვასა და აბსურდში შევიდა. ადამიანის დეგრადაცია ზოგჯერ ხდება-ხოლმე", - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.