დავით ბაქრაძე – ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია

დავით ბაქრაძე – ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია

დღევანდელმა აქციამ აჩვენა, რომ ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი ღირსეული ადამიანი შეიკრიბა, რათა დააფიქსიროს პატრიოტიზმი და თქვას, რომ არ დაუშვებს ქვეყნის უკან დაბრუნებას.
"დღევანდელმა აქციამ აჩვენა, რომ ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, ჩვენ ცოცხლები ვართ. დღევანდელი დღე არის არა მხოლოიდ პარტიული, არამედ - ეროვნული დღე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის თქვენს შორის პარტიის წევრი და ვინ – არა, თქვენ ქვეყანა გიყვართ და ეს არის მთავარი. ბევრი შეკრება მახსოვს ამ ადგილას. ბოლოს, როცა აქ სიტყვით გამოვდიოდი, 2008 წლის აგვისტო იყო. აქ გამოვიდა ხალხი, რათა დაეცვა თბილისი, ქვეყანა და ჩვენი თავისუფლება. მე მაშინ ვიყავი ძალიან ამაყი. დღეს ვარ ბედნიერი, რომ ათობით ათას ანთებულ თვალს ვხედავ. ვხედავ იგივე სახეებს, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად 2008 წელს გამოვიდა. ეს არის იმ ადამიანების შეკრება, ვისაც უნდა წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის უკეთ ყოფნაში", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ყველა მიტინგის წინ ოპოზიცია აანონსებდა არეულობას, მთავრობის ჩამოგდებას, თბილისის მკვდარ ქალაქად ქცევას, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი სიტყვაც არ უთქვამს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია.

"ეს არის ჩვენი განსხვავება, რომ ქვეყანაში არეულობა არაფრად გვიღირს, არც ოპოზიციაში ყოფნად და არც ხელისუფლებაში მიბრუნებად. 6 თვე გავიდა არჩევნებიდან, გაიხედეთ გარშემო, რა შეიცვალა უკეთესობისკენ, სად არის მოლოდინები, რაც ჩვენს ხალხს ჰქონდა?! სიღარიბე არ არის?! უმუშევრობა შემცირდა?! მთავრობის ნათესავების გარდა ვინმე დასაქმდა?! ამიტომ ვართ კრიტიკულები. ბევრს შეიძლება ჰქონდეს მცირე ბიზნესი, მაღაზია, ჯიხური. ჰკითხეთ მათ და გეტყვიან, რომ ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ და შემოსავალი გაუნახევრდათ. სადმე რამე შენდება?! სად არის დაკარგული სამუშაო ადგილები, ამას ელოდა ჩვენი ხალხი ამ მთავრობისგან?! ამიტომ სჭირდება ამ ქვეყანას საღი და ძლიერი ოპოზიცია, რომ არ მივცეთ მთავრობას საშუალება, არ შეასრულოს თავისი ვალდებულება. საქართველოს არ სჭირდება წარსულთან მებრძოლი მთავრობა, სჭირდება მთავრობა, რომელიც მომავალს ააშენებს", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მთავარია, მთავრობამ დაინახოს, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი, პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მათ გაკეთებულ საქმეს მოსთხოვს და შეახსენებს, რომ ხალხისთვის იშრომოს და არა - ნათესავების კეთილდღეობისთვის.

"დღევანდელი დღე ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ევროპისკენ მიმართული ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, რომელიც დაიცავს ჩვენს თავისუფლებას და საქართველოს დაუმკვიდრებს ადგილს ევროპაში. ვერ ვხედავ აქციის ბოლოებს, სად მთავრდება ხალხი. ათობით ათასი ადამიანია და ბევრია ისეთი, ვინც ჯერ არ მოსულა და ამას სახლში უსმენს. ვინც შეწუხებული და იმედგაცრუებულია და ამავდროულად ყოყმანობს, დაბრუნდეს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა", დიახ, მხარი უნდა დაგვიჭიროთ, რადგან დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობა", არის სხვა პარტია განახლებული სისხლით, ხედვით და ენერგიით. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც 8 წელიწადში ქართველ ხალხთან ერთად შევქმენით ქართული სახელმწიფოს საფუძვლები", - აღნიშნა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პოლიციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავების პროფესია დღეს უკვე საამაყოა.

"დამამცირებელი მეტსახელი, რომელსაც პოლიციას ეძახდნენ, დღეს აღარ არსებობს. ავაშენეთ ღირსეული პოლიცია, რომელთა ოჯახები ამაყობენ, რომ ხალხს ემსახურებიან. ეს არის ჩვენი დატოვებული საქმე. გადაიხედეთ უკან, დაინახეთ რა გაკეთდა, ჩვენ დავინახავთ, რა ვერ გაკეთდა. თუ ჩვენთან ერთად იქნებით, ყველაფერი გაკეთდება, რადგან ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ამის გამოცდილებაც გააჩნია და ხალხის მხარდაჭერაც. მინდა, ხელი გავუწოდო ყველას, ვინც თავს ჩვენს ოპონენტად მიიჩნევს. ჩვენი ოპონენტი ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარს. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც პიროვნული ტრაგედია გაიარა. თუმცა, დღეს დავდგეთ ერთად იქ, სადაც ქვეყნის ინტერესია, იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ჩვენი ვალდებულებაა, არ მივცეთ მთავრობას საშუალება, გადაუხვიოს ხალხის ინტერესებს, ევროპულ გზას. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ამას ხალხთან ერთად გააკეთებს", - აღნიშნა ბაქრაძემ.