ასლან მარგოშვილზე ცეცხლსასროლი იარაღი შსს-ს მიერ ლაფანყურის ოპერაციამდე თვეზე ცოტა მეტი ხნით ადრე იყო რეგისტირებული

ასლან მარგოშვილზე ცეცხლსასროლი იარაღი შსს-ს მიერ ლაფანყურის ოპერაციამდე თვეზე ცოტა მეტი ხნით ადრე იყო რეგისტირებული

ლოპოტას სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ასლან მარგოშვილის სახელზე ცეცხლსასროლი იარაღი შსს მიერ გასული წლის 23 ივლისს, სპეცოპერაციამდე თვეზე ცოტა მეტი ხნით ადრე იყო რეგისტირებული. 

ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა და აქვე დააზუსტა, რომ რეგისტრაციის მოწმობა გაცემული იყო იარაღის შენახვის უფლებით.
ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საუბრისას უმრავლესობა დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნულ საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა, მაშინ, როცა მომხდარს პროკურატურა იძიებს. როგორც ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობით, თუკი ამა თუ იმ საქმეზე გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს, პარლამენტს იგივე საქმეზე გამოძიების წარმართვის უფლება არ აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განმარტა, რომ დაღუპლთა ოჯახის წევრებსა და ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ, რადგან კვლავ ის გამომძიებლები მუშაობენ, რომლებიც ამ საქმეზე თავიდანვე მუშაობდნენ. ნანუაშვილის თქმით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ეს ხალხი თანამშრომლობისთვის მზად არის.