ციხისძირში მომხდარ ინცინდენტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება

ციხისძირში მომხდარ ინცინდენტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება

ოფელ ციხისძირში მომხდარ ინცინდენტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება. მუსლიმთა სამმართველოს განცხადება "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კვირას, საღამოს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოფელში სტუმრად მყოფმა სამხედრო პირებმა რელიგიური ნიშნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მკვიდრს.

საქართველო მრავალეროვნული და მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც საუკუნეების მანძილზე ძმურად, მეგობრულად, ურთიერთსიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ხელიხელჩაკიდებული ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა თუ აღმსარებლობის ადამიანები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რელიგიური დაპირისპირების. ვფიქრობთ დღეს, ეს არის მავანთა მცდელობა ჩამოაგდოს შუღლი და მტრობა სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველ ძმებს შორის, რაც, ეჭვგარეშეა მარცხისთვისაა განწირული, რამეთუ გარკვეული ინდივიდების, თუნდაც საჯარო მოხელეების, შეუსაბამო საქციელი არ და ვერ იქნება მთლიანად ქვეყნის და ერის პოზიცია.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს აღნიშნულ, ყოვლად გაუმართლებელ, სამარცხვინო ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით მოითხოვს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დასჯილი იქნენ კანონის სრული სიმკაცრით. აქვე, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით მოახდინა დროული რეაგირება და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე ყველა საჯარო მოხელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან".
14 აპრილს გვიან საღამოს სოფელ ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინცინდენტი მოხდა. როგორც ციხისძირში მცხოვრები ლევან მესხიძე იხსენებს, მეუღლესთან ერთად მანქანით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. როგორც მესხიძე ამბობს, სამხედროებს აინტერესებდათ, მას და მის მეუღლეს ჯვარი თუ ჰქონდათ. მესხიძის თქმით, სამხედროები დაემუქრნენ, თუ ქრისტიანი არა იყო, მაშინ შუბლს გაუხვრეტდნენ.

ინციდენტის შესახებ სოფელ ციხისძირის სხვა მცხოვრებლებიც საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ გვიან ღამით სამი გასროლის ხმა გაიგეს. ამასთან, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სამხედროებმა შვიდ ადგილობრივს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამასთან, ციხისძირში მომხდარის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა.