ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდა

ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდა

ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგუას უფლებამოსილება შეუწყდა. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ცესკო-ს ინფორმაციით, გრიგოლ გოგუას, როგორც კომისიის წევრს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, კომისიის მდივანს სოფიო მიქაშავიძეს კი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება შეეფარდა.

ცესკო-ს შესაბამისი განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ 10 მარტს ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე #5, #18, #38 და #34 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის დროს როგორც უშუალოდ კენჭისყრის პროცედურებისას, ასევე შემდგომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ კი საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" და საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის, მოთხოვნათა დარღვევას. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნის ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება. ამასთან განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გოგუამ 2013 წლის 17 მარტის ცესკო-ს სხდომაზე თვითნებურად მიატოვა ცესკო-ს სხდომა და სხდომიდან გასვლისას კომისია სპექტაკლის მოწყობაში დაადანაშაულა. 2012 წლის 11 ოქტომბერს კი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გრიგოლ გოგუას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა –შენიშვნა აქვს გამოიყენებული.

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. საბუთები მიმდინარე წლის 17 – 18 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღება.

ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომაც" გაავრცელა. ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს და ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხის შესწავლას მოითხოვს.