გიგი უგულავა - ამ ბრძოლაში ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს და ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს

გიგი უგულავა - ამ ბრძოლაში ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს და ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს

ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს და ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. დედაქალაქის მერი სოციალური ქსელის მუშვეობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ეს ძალიან ჰგავს ოქრუაშვილის ეპოპეას".

"დადასტურდება თუ - არა, ეს მისი პირადი საქმეა. მან ან უნდა დაადასტუროს ეს, ან უნდა ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ეს მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთებში თუ ტელევიზიებში არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, რომ ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც", - განაცხადა უგულავამ.

მისივე აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის ეშინია და 19 აპრილამდე დარჩენილ 5 დღეშიც ხუხაშვილის თავში მოხარშული კიდევ ბევრი ავადმყოფობა შეიძლება იხილოს საზოგადოებამ.

"ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. ახალაიას თანამშრომლობის 80% თუ მეტი არა ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულები. ასე რომ ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, თუმცა ძალიან დასანანია, თუ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია წერს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.
თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი, "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.