დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ

დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ

დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დათა ახალაია ბრალდებულია ერთ-ერთ სისხლის სამართლის დანაშაულში პოლიციელ აზარაშვილის საქმეზე.

"ამიტომ, თუ იგი საქართველოში ჩამოვა, ამ ღონისძიების ფარგლებში იქნება დაპატიმრებული. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, რა ჩვენებას მისცემს იგი ამ თუ სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მომავალი გვაჩვენებს. საქართველო, მისი ყველა მოქალაქის სამშობლოა. სისხლის სამართლებრივი პროცესი პირებს სხვადასხვა სტატუსს ანიჭებს. გამოძიებას დათა ახალაიასთვის ბრალი აქვს წარდგენილი და თუ დავრწმუნდებით მის ბრალდებაში, დევნას განვაგრძობთ, თუ არა – შევწყვეტთ", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დათა ახალაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

როგორც მთავარმა პროკურორმა განმარტა, პროკურატურა დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ განცხადებას გაეცნო, თუმცა მასში დასახელებული ფაქტების შესასწავლად საჭიროა დაზუსტებით იმის ცოდნა, რომ განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის.

"ეს დაზუსტება მოხდება მაშინ, თუ იგი ჩამოვა და მისცემს ჩვენებას სამართალდამცავებს. ამ შემთხვევაში, ის ფაქტები, რომელიც, სავარაუდოდ, მის განცხადებაშია მოყვანილია – ლაფანყურის, ციხის კადრების შექმნა და საზღვარგარეთ გატანა, იაღლუჯაზე ჯარისკაცების არაადამიანური მოპყრობა, გადავამოწმებთ ამ ჩვენებას დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. ვიდრე არ ვიცით, დანამდვილებით მას ეკუთვნის თუ არა ეს განცხადება და არ მისცემს ანალოგიურ ჩვენებას, არ წარიმართება არანაირი გამოძიება ამ განცხადებასთან დაკავშირებით", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.