შს მინისტრის ყოფილი მოადგილე

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე "ფეისბუქით" გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებებს ეხმაურება

შს მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიას მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით დათა ახალაიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
როგორც ლორთქიფანიძემ "ინტეპრესნიუსს" სატალეფონო საუბრისას უთხრა, მსგავსი განცხადებების წაკითხვის სურვილიც აღარ აქვს და ჭეშმარიტებას ლაფანყურის მოვლენებთა დაკავშირებით გამოძიება დაადგენს.

"რაც არ უნდა განაცხადონ ნანუაშვილმა, არეშიძემ და ახლა კი დათა ახალაიამ, ამას სერიოზულად არ მივიჩნევ. ლაფანყურის მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელთანაც ვთანამშრომლობ, მომავალშიც ვითანამშრომლებ და იმედია, ჭეშმარიტებას სწორედ გამოძიება დაადგენს. მსგავს განცხადებებს უკვე აღარც ვეცნობი. დათა ახალაიას განცხადებას კი, რა თქმა უნდა, არასერიოზულად მივიჩნევ", - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილეც იყო.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია წერს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.
თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი, "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.