ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუმარტეს, სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის სახელით გუშინ გავრცელებული საპასუხო განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანს არ ეკუთვნოდა.

გამოეხმაურება თუ არა ვანო მერაბიშვილი ბრალდებებს, რომლებზეც საუბარია დათა ახალაიას განცხადებაში, ამ ეტაპზე უცნობია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს დათა ახალაია.


ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.
თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.