70-მდე პატიმარი საქმეების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობს

70-მდე პატიმარი საქმეების გადახედვის მოთხოვნით შიმშილობს

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობა მისჯილი 70-მდე მსჯავრდებული შიმშილობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა, მსჯავრდებულები საკუთარი საქმეების გადახედვას მოითხოვენ.

"მათი პრეტენზიები სასჯელაღსრულების სისტემას არ უკავშირდება. პატიმრებს სურთ, რომ მათი საქმეების გადახედვა მოხდეს, რაც საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მოშიმშილეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, თუმცა საგამოძიებო სტრუქტურა ჩვენი საქმე არაა და პროკურატურა ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის", - განაცხადა კორძაიამ.

მისივე განმარტებით, მოშიმშილეები ასევე პაემნების საკითხის გადახედვასაც მოითხოვენ, რაზეც სასჯელაღსრულების სამინისტრო მუშაობს.
"ეს თემა მოგვარებადია და ამაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა კორძაიამ.

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა 70-მდე მსჯავრდებულმა შიმშილობის აქცია გუშინ გამოაცხადა.