დათა ახალაია - საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ვანო მერაბიშვილია

დათა ახალაია - საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ვანო მერაბიშვილია

კონსტიტუციური უსაფრთხიების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია მათი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს .

როგორც ახალაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებულ განცხადებაში წერს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში", - წერს დათა ახალაია.

ამასთან, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ლაფანყურის "ავანტურა" მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა თავად ვანო მერაბიშვილმა. დათა ახალაიას მტკიცებით, მას აღნიშნულის მტკიცებულებები გააჩნია.

"მე გამაჩნია მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის "ავანტიურა" ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა თავად ვანო მერაბიშვილმა. გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობებ ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს დამარცხებაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იაღლუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ", - ამტკიცებს ახალაია.

ამასთან, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, რომელმაც საქართველო არჩევნების შემდეგ დატოვა, "ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა".