ციხისძირის ინციდენტის საქმე ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს გადაეცემა

ციხისძირის ინციდენტის საქმე ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს გადაეცემა

ციხისძირის ინციდენტის საქმე ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს გადაეცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ზაზა მეტონიძემ განუცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და სამხედრო პოლიციელები დაკავებულები არ არიან.

"14 აპრილს, ღამის საათებში, სოფელ ციხისძირში იმყოფებოდა სენაკის სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, სოფელში ნათესავთან დაჰყეს რამდენიმე წუთი, წამოსვლისას გზაზე, სოფლის მოსახლეობასთან კონფლიქტი მოუხდათ. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად უმიზეზოდ, მოხდა გასროლაც. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ფიზიკური დაზიანების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა, ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა სამხედრო პოლიციელთა ქმედებები, შესაბამისად, ქვემდებარეობით, სისხლის სამართლის საქმე გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს, რომელიც საბოლოოდ იმსჯელებს სამხედრო პოლიციელთა ქმედებებზე და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას", - აღნიშნა ზაზა მეტონიძემ.

ამასთან, ციხისძირში მცხოვრები ლევან მესხიძე გუშინ, გვიან ღამით სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მუქარას იხსენებს - ლევან მესხიძე მეუღლესთან ერთად მანქანით სახლში ბრუნდებოდა,რა დროსაც, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. როგორც მესხიძე იხსენებს, სამხედროებს აინტერესებდათ, მას და მის მეუღლეს ჯვარი თუ ჰქონდათ. მესხიძის თქმით, სამხედროები დაემუქრნენ, თუ ქრისტიანი არა იყო, მაშინ შუბლს გაუხვრეტდნენ.

"დაახლოებით, 22:00 საათის შემდეგ, მანქანით ვბრუნდებოდი სახლში მეუღლესთან ერთად. გაგვაჩერა სამმა სამხედრომ, პირადობის მოწმობა მოგვთხოვა და მივაწოდე. შემდეგ, გადმოვედი მანქანიდან, საბარგული გაჩხრიკეს და მანქანასთან მიმაყენეს. მკითხეს, თათარი ხარო? არა-მეთქი, ქართველი ვარ. თუ ქართველი ხარ ჯვარი მაჩვენეო. ჩემს მეუღლეს ჰქონდა ჯვარი აჩვენა და გვითხრეს, მეუღლის ჯვარმა გადაგარჩინათო. თუ ქრისტიანი არა ხარ მაშინ გაგიხვრიტავთ შუბლსო. ჯვარი რომ აჩვენა მეუღლემ, მას შემდეგ გაგვიშვეს", - აღნიშნა ლევან მესხიძემ.
მისივე თქმით, სამხედროები ანერვიულებულები იყვნენ.

ინციდენტის შესახებ სოფელ ციხისძირის მოსახლეობაც საუბრობს, რომლებმაც გვიან ღამით სამი გასროლის ხმა გაიგეს.

"სამი სამხედრო იყო ზუგდიდიდან, აჭარლებზე განაწყენებულნი იყვნენ, თათრები ხართო. ვინც ქრისტიანი იყო ჯვრით არაფერს ეუბნებოდნენ. ვინც ჯვრის გარეშე იყო ან არ იყო ქრისტიანი, ურტყამდნენ და სცემდნენ", - აღნიშნა ვაჟა კვესიეიშვილმა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის, ამირან დოლიძის დედა მარინა დოლიძე ამბობს, სამი სამხედრო ფორმიანი პირი მისმა შვილმა ციხისძირში მცხოვრებ გაბაიძეების ოჯახში მიაცილა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ალკოჰოლის დალევის შემდეგ სამხედროები ოჯახიდან წავიდნენ. მათ თან გაჰყვა ამირან დოლიძე, რომელიც გზაში გალახეს.

როგორც მარინე დოლიძე ყვება, მის შვილს ჰკითხეს, ჯვარი თუ ჰქონდა. როდესაც აღმოაჩინეს, რომ მას ჯვარი არ ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგი სიტყვებით მიმართეს: "აჭარლების და თათრების დედა ვატირე", რის შემდეგაც მოხდა რამდენიმე გასროლა.

"ჩემმა შვილმა სამხედროები გაბაიძეების სახლში მიიყვანა. დალევის შემდეგ ისინი ჩემს შვილთან ერთად წამოვიდნენ, რომელიც გალახეს, ტუჩი გაუხეთქეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფა მიაყენეს, აგრეთვე, 76 წლის კაცს და გზად მიმავალ ცოლ-ქმარს. ისინი მათ ეკითხებოდნენ, ჯვარი თუ ჰქონდათ და თუ არ ჰქონდათ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ", - აღნიშნა მარინა დოლიძემ.

მისივე თქმით, წუხელ საღამოს სამხედროებმა შვიდ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ გამოიძახეს პატრული, რომელმაც ინციდენტის ახლოს ერთი ვაზნა აღმოაჩინა. მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ ისინი შეურაცხყოფილი არიან.

მათი თქმით, სამხედროებიდან ერთ-ერთის მეუღლე აღნიშნული სოფლიდან არის, რომლის ოჯახშიც სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, ციხისძირში მომხდარის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინეს. რის გამოც, ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია. სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციელების დისციპლინა, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.